ლიტერატურული ინფლაცია და მაკულატურის ზეიმი: როდის იქცა მწერლობა „ყავის ორცხობილად“
მოკლე აღწერა
ადრე ავტორის წიგნი რომ იბეჭდებოდა, ეს იყო ნამდვილი მოვლენა. არა, ვერ ვიტყვი, რომ ნეპოტიზმით წიგნი არ დაბეჭდილა, მაგრამ მაინც! რაღაცის გამო უნდა დაემსახურებინა ავტორს, რომ მისი წიგნი გამოცემულიყო. ჰქონდა ამასაც საკუთარი ათასი მინუსი და ვერც იმას ვიტყვი, "მჯღაბნელი" არასდროს დაუბეჭდიათ-თქო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, სრულიად სახალისოა.
ლიტერატურული ინფლაცია და მაკულატურის ზეიმი: როდის იქცა მწერლობა „ყავის ორცხობილად“
. როცა წიგნის დაბეჭდვა მოვლენა აღარ არის
ადრე ავტორის წიგნი რომ იბეჭდებოდა, ეს იყო ნამდვილი მოვლენა. არა, ვერ ვიტყვი, რომ ნეპოტიზმით წიგნი არ დაბეჭდილა, მაგრამ მაინც! რაღაცის გამო უნდა დაემსახურებინა ავტორს, რომ მისი წიგნი გამოცემულიყო. ჰქონდა ამასაც საკუთარი ათასი მინუსი და ვერც იმას ვიტყვი, "მჯღაბნელი" არასდროს დაუბეჭდიათ-თქო, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, სრულიად სახალისოა.
ვერ ვიგებ, რატომ უხარიათ საკუთარი ფულით საკუთარი თავისთვის დაბეჭდილი წიგნების ორმაგი ფასით მიყიდვა ამ ცრუმადიდებელთა აუდიტორიისთვის? წიგნი ისეთი სასაცილო სიტყვა გახდა დღეს, რომ მეშინია, ამ სიტყვამ ეტიმოლოგია არ შეიცვალოს და მაკულატურის დონემდე არ „ჩამოლაბორანტდეს“. ერთია ექსპერიმენტი, მცდელობა, ხუმრობა, გარკვეული საზოგადოების მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომ ვიღაც საყვარელი ავტორი საკუთარი ბიბლიოთეკის თაროზე იხილოს, და მეორეა, საკუთარ თავს რომ საკუთარი ფულით წიგნს დაუბეჭდავ და მილოცვებს ისე იღებ, თითქოს ეს იგივე არ იყოს, რაც მაღაზიაში ნაყინის ყიდვა. რა ცოტა კმარა ზოგი ადამიანის ეგოს ზეიმისთვის. მწერალი ეს კიდევ ცალკე განზომილებაა დღეს და მგონი ახლა „ჩემი გულის ჭია გავახარეს“ ნიშნავს.
.მკითხველის კრიზისი და ლიტერატურული უგემოვნობის მანკიერი წრე
ლიტერატურული ინფლაცია აღარიბებს მკითხველის ისედაც დეგრადირებულ აღქმის უნარს. აღარ არის მოთხოვნა მაღალ ლიტერატურაზე, კლასიკა კი გახდა მხოლოდ სახელები — ჩამოთვლიან: ეს, ეს, ეს წავიკითხეო, მაგრამ რეალურად მხოლოდ ბულვარულ ლიტერატურას სწვდებიან. არ მჯერა, ადამიანი კითხულობდეს ფოლკნერს და მეორე დღეს სოციალური სივრცის მაკულატურას ოვაციას უძღვნიდეს.
დასაწყის ეტაპზე ავტორს აქვს ენთუზიაზმი, შემართება და ბოლოს იქამდე მიდის, რომ მარტივ ტაშს სჯერდება, ფუჭდება როგორც ავტორი ამ ცრუ ქებით და წერს იმას, რაც ბაზარს აკმაყოფილებს — როგორღა იშრომოს? როცა რეალურად პოტენციალის მქონე ტექსტს გვერდზე სწევს მდაბიო ეროტიკა ანდაც ეს საპნის ოპერა და მასკულტი, დგება საფრთხე, რომ ნამდვილი ტალანტი დაიკარგება. რადგან გამომცემლობაც იმას ბეჭდავს რეალურად, რაც იყიდება, რადგან წიგნი დღეს არის არა სულიერება, არამედ ბიზნესი.
.ამპარტავნება, თავისუფლების ილუზია და მკითხველთა ტოქსიკური სექტები
დამწყებ ავტორს შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, თუ ხიბლის ბანგს გადაურჩება და თუ მისთვის თვითგანვითარება მართლა ღირებულია. თუმცა ისეთი ტემპია, ყველას სჭირდება შემოსავალი, თუმცა კი ლიტერატურა არასდროს ყოფილა შემოსავლიანი, მაინც — დღეს, თუ გაუმართლა ადამიანს და სწორ დროს სწორ ადგილას, მოხვდება, მიხვდება, რომ წიგნებით ფულიც კეთდება. მაგრამ
როცა ახალბედა ავტორი მარკეტინგს უყურებს და წერს ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, თანაც აქვს პრეტენზია, რომ კარგად წერს, ეს ამპარტავნებაც აღარაა უკვე, რადგან საკუთარი თავის რეალური კრიტიკტორი თავად არის და არ მჯერა, რომ ავტორს საკუთარ თავზე კარგი მკითხველი ყავდეს. ამას გარდა, აღარ არსებობს არანაირი ცენზურა და კრიტიკა. აქ საუბარი არ არის კონკრეტული თემის აკრძალვაზე, არა, პირიქით — საუბარია ხარისხიანი თემის მიწოდებაზე, რადგან თავისუფლების და თავისუფალი სიტყვის სახელით შეინიღბა სწორედ ლიტერატურული დეგრადაცია.
როდესაც ნაწარმოებს სულიერება არ აქვს, არ აქვს მკაფიო მესიჯი, არ აქვს შინაგანი კულტურა და მხოლოდ ცარიელი, ათასჯერ გადაღეჭილი სიტყვების გრამატიკული რახარუხია, იქ მაღალ ლიტერატურაზე ფიქრი საკუთარი თავისკენ მიმართულ სარკაზმს ჰგავს. როცა ვიღაც შედარებით კარგად წერს და მის მიმართ გორდება ტალღა აგრესიისა, ეს უმეტესად ისევ ლიტერატურული წრეებიდან მოდის. არასდროს მიფიქრია ადრე, რომ ამ სფეროში ამდენი ბოღმა და შური იყო. ამას დაუმატეთ მკითხველთა გაერთიანება ერთი კონკრეტული ავტორის გარშემო, თითქოს რაღაც სექტაა, და მისი ნებისმიერი სიტყვის სისხლის ბოლო წვეთამდე დაცვა. არადა, სადაა ამ დროს ჯანსაღი კრიტიკა, რომელმაც უნდა განკურნოს ხიბლში ჩავარდნილი და დაავადებული თანამედროვე ლიტერატურა?
.კრიტიკის დევალვაცია და გადარჩენის შიმშილი
კრიტიკა დღეს აღიქმება როგორც ლანძღვა, რადგან ზოგადად ამ სიტყვამ დაკარგა მნიშვნელობა. კრიტიკას ცოდნა სჭირდება და ბევრად რთული დასაწერია, რათა იყოს მკაცრი, მართალი და ობიექტური. და მაინც, თუ თვითგანვითარებაზეა საუბარი, ჯობია მწარე და უმართებულო კრიტიკის წაკითხვა საკუთარ თავზე, ვიდრე უმართებულო ქებისა.
იმას, ვისაც ლიტერატურა უყვარს, გულს უკლავს ის, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წელია არაფერი იწერება რეალურად — არაფერი ხარისხიანი, არაფერი ფიქრის წამალი, არაფერი გადამრჩენელი. არადა, რა იყო ლიტერატურის არსი, მიზანი და დანიშნულება? დღეს ლიტერატურა ყავაზე მისაყოლებელ ორცხობილას ჰგავს, უკეთეს შემთხვევაში კი — ბრაუნს. ლიტერატურა, რომელიც ყავაზე მისაყოლებელ ორცხობილასა და ბრაუნს დაემსგავსა, ტოვებს სულიერი ვაკუუმისა და სიცარიელის განცდას, სადაც ჭეშმარიტი, გადამრჩენი და ფიქრის მომტანი ტექსტები უდიდესი დეფიციტი გახდა.
.რაშია გადარჩენა?_ ერთეულ ენთუზიასტებში. დღევანდელ ციფრულ და აჩქარებულ ეპოქაში, სადაც ყოველი წამი ალგორითმებსა და ზედაპირულ ხმაურს ეთმობა, ახალი თაობიდან ძირეული სისტემური ცვლილებების მოლოდინი რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. სფეროს გადარჩენა არასდროს იწყება მასობრივი მოძრაობებით — ის ყოველთვის ინდივიდების, ცალკეული მეამბოხეების ხმით იწყება, რომლებსაც არ ეშინიათ დინების საწინააღმდეგოდ ცურვის. შესაძლოა, უმრავლესობა ისევ კომერციულ ნაკადს მიჰყვეს და ციფრულ ხმაურში დაიკარგოს, მაგრამ ყოველთვის გამოინახება რამდენიმე ადამიანი, ვისთვისაც ლიტერატურა არა იაფფასიანი გასართობი, არამედ არსებობის ფორმაა. სწორედ ეს ერთეულები შეძლებენ მომავალში იმ ნანგრევებზე ახალი, ჯანსაღი და სუფთა სივრცის აშენებას, რომელიც დღეს ასე ძალიან გვაკლია.
5